16.4.13

ოთარ ჭილაძე

ადამიანი ყველაფერში სიწმინდეს ეძებს, ეს მისი თვისებაა, და როცა პოულობს, გააღმერთებს ხოლმე. სწამს მისი, ენდობა. რწმენის გარეშე ადამიანი პატარავდება, მახინჯდება. ესეც მისი თვისებაა, მაგრამ მთავარია, რა სწამს, რას ენდობა.

პირადად მე ადამიანი მაინტერესებს დროისა და სივრცის უსასრულობაში, რამდენადაც არასოდეს არ ვიცი წინასწარ, როდის როგორ მოიქცევა იგი. მიუხედავად მისი ბუნების საოცარი სიმყარისა ადამიანი მხოლოდ გარეგნულად ემორჩილება ცვალებადობას, ხოლო შიგნით, სულის სიღრმეში ეხლაც ისეთივეა, როგორც თავიდანვე "შექმნა ღმერთმა". და მაინც, (მე მგონია, სწორედ ესაა მისი მომხიბვლელობა), მიუხედავად უკვე საკმაოდ საპატიო ასაკისა, მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილებისა, ყოველ წუთას მზადაა იმავე შეცდომის ჩასადენად, რის გამოც გუშინ თვითონვე დაზარალდა ყველაზე მეტად. შეიძლება, ამანაც განაპირობა ჩემი მიდრეკილება ისტორიისა და მითოლოგიისადმი, შეიძლება-ჩემი, როგორც მწერლის სისუსტემაც. კარგ მოჭიდავეს მოედნის სიპატარავე ხელს არ შეუშლის, ცუდს კი დიდ მოედანზე ურჩევნია ჭიდაობა, უკან დასახევი, გვერდზე გასახტომი ადგილი რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემი, როგორც მწერლის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ჩემი სამშობლოს ბედს ეთამაშოს. როცა საქართველოს ისტორიას ვკითხულობ, ძალაუნებურად, მითოლოგიურად იწყებ აზროვნებას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ღმერთმა, უფრო სწორად, ღმერთებმა, ამ პატარა ქვეყანას სიცოცხლის შესაძლებლობები წაართვეს, მაგრამ სამაგიეროდ, უკვდავება აჩუქეს. უკვდავება კი მოგეხსენებათ, სიცოცხლეზე გაცილებით ძნელია. იმავე მითოლოგიიდან მრავლად ვიცით მაგალითები, როცა მიწიერი ჭრილობებით, მიწიერი ტკივილებით გამწარებულ გმირებს უკვდავება ჩვეულებრივ ადამიანურ სიკვდილზე გაუცვლიათ, მაგრამ რისი უფლებაც მითოლოგიურ გმირებს აქვთ, იმისი უფლება არ აქვს ადამიანს, ხალხს, ხალხებს, კაცობრიობებას. კაცობრიობა უკვდავებისთვისაა "განწირული", ხოლო ამ უკვდავების საიდუმლო ადამიანის სულში იმალება, აქედან იღებს სათავეს ლიტერატურის და საერთოდ ხელოვნების გაუნელებელი ინტერესი აამიანის სულისადმი.

No comments:

Post a Comment