თბილისური ამბები

თბილისური ისტორიები


სამარშუტე ჩერდება. მგზავრი ამოდის. საკმაოდ მოხუცებული ქალი მუქი აგურისფერი პალტოთი. ნაოჭებად ქცეულ ხელებს სათუთად მოვლის კვალი მაინც ატყვია...
ჩანთას ხსნის და საფულიდან ტკიცინა ათლარიანს იღებს. მძღოლს აწვდის: “დედა, არ შეგიძლია ცხრა ლარი დამიბრუნო?“ მძღოლი ახალგაზრდა კაცია: „იყოს, არ არის საჭირო“.
„ახლა არ გადამრიო, ჩემს ენგულას ვფიცავარ!“ მძღოლმა თავი გადააქნია და უსიტყვოდ გამოართვა ფული. ხურდა დაუბრუნა. მოხუცმა ქალმა მარტომ ვერ მოახერხა ხურდის დათვლა, გვედით სკამზე მჯდომი მოიხმარა. ცხრა ლარი და ოცი თეთრი. „დედა, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი და ნუღარ დამიმატებ!“  ოცთეთრიანი მიაწოდა. „შვილებს ვფიცავარ! ან კიდევ სად მყავს შვილები!“ ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. სამარისებული სიჩუმე სამარშუტეში.  ქალმ გაგრძელა: „ერთადერთი შვილი... ... ...
სამარშუტე ჩერდება. ჩემი გაჩერებაა.
რამოდენიმე კვირის წინ. იმავე უბანში. ავტობუსში საკმაოდ მოხუცებული, თუმცა კარგად შენახული ქალბატონი ამოდის. სახეზე მაკიაჟი აქვს გაკეთებული. შავი, პეწდაკარგული პალტო აცვია მაჯებზე და ყელზე ბეწვით გაწყობილი. თავზე შავი ქუდი ახურავს იმავე ბეწვით გაწყობილი. მაღალყელიანი და მაღლქუსლიანი კარგი ხარისხის ჩექმა. გამიკვირდა. ასეთ ასაკში, ასეთ მაღალ ქუსლზე ასე თავისუფლად სიარული. მარჯვენა ხელში ტყავის ჩანთა, ათასი ხარახურით გამოტენილი. მარცხნა ხელში შავი, ვერცხლისფერზოლიანი ქოლგა უჭირავს, შელახული. დასაყდნობად იყენებდა ალბთ. ასეთი იქნებოდა ალბათ ფუფალა ზამთარში, გულში გავივლე. ქალი ცარიელ სკამზე დაჯდა. ამაყად აწეული თავით ფანჯარაში იმზირებოდა.  „თქვენი ბილეთი, ქალბატონო“, თავზე კონტროლიორი წამოადგა. „როგორ მიბედავ და ბილეთს მთხოვ პენსიონერ ქალს, როგორ! შენხელა ვაჟკაცი მიწაში მიწევს! ის რომ მყოლოდა! მერე რა ვაჟკაცი იყო. არა, რისიც მეშინოდა, იმის მსხვერპლი მაინც ყოფილიყო, ამათ გამიწირეს შვილი. ჩქარა დაყავდა ხოლმე მანქანა. სულ მეშინოდა, სულ. ნეტა ავარიაში მაინც მომკვდომოდა ოღონდ ასე არა...“ უკვე თავისთავს ელაპარაკება...
ავტობუსი სავსეა. ხმას არავინ იღებს. ზოგს თანაგრძნობის ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ქალი არ ჩერდებოდა, იწყევლებოდა. გაჩერებაზე ქალი ამოვიდა ბავშვთან ერთად. კარგად ჩასუქებულმა ერთი მიიხედ-მოიხედა: „ნეტა შენა ერთი, ქალო, მოგცლია!“ მიაძახა. მოხუცს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. სულ ორი წამით გაჩუმდა: „შენ გაჩუმდი ეხლა მანდ, ამოხვედი, მოჰკარი რაღაცას ყური და კომენტარს აკეთებ ისე, რომ აზრზე არ ხარ!“ ავტობუსი გაჩერდა. მოხუცი ქალი ჩავიდა. მიდიოდა ამაყად, შესაშური სიმსუბუქით, მაღალ ქუსლებზე შემდგარი...
ავტობუსი დაიძრა. მანამდე გამეფებული სიჩუმე არავის დაურღვევია...
დიახ,ეს ორი ამბავი ერთ უბანში, მოხდა, სხვადასხვა დროს. მაინც მგონია, ორივე ქალი ერთი ასაკის უნდა ყოფილიყო...


30.04.13


უცბად ჩამოცხა თბილისში. საშინელი ქარების მერე ასეთი სიცხე ცოტა არ იყოს, და ძნელად შესაგუებელია. აჩქარებული ნაბიჯებით მივდივარ. დღესაც მეჩქარება, როგორც ყოველთვის. მამაკაცი მისწრებს. ასაკით მამაჩემის ტოლი ალბათ. რხევა-რხევით მიდის. გავიკვირვე. დავაკვირდი. ყურებში ყურსასმენები აქვს გარჭობილი. როგორ მაინტერესებს რა მუსიკას უსმენს!

მახსენდება...

ჯერ კიდევ ბავშვობისას, როცა „რიტმი, რიტმი“-ში გაჟღერებული სიმღერები ცეკვა-რხევის ფონზე მიდიოდა, მამაჩემი ბრაზობდა ხოლმე. რას უყურებთ, ეს რა მანჭვა-გრეხვაა. ჩემს დროს აი, ასე დადგებოდნენ მომღერლები და მღეროდნენ სასიამოვნოდ. (მარცხენა ხელით დოინჯს შემოიყრიდა, მარჯვენას ზემოდან დაადებდა და გაიჭიმებოდა)... გვეცინებოდა ხოლმე... მერე, როცა პენსიაზე გავიდა და აღარ მუშაობდა, იჯდა ტელევიზორის წინ და სტერეოზე გასულ მუსიკას ცეკვა-რხვა-მანჭვა-გრეხვის ფონზე თვალმოუცილებლად, უკომენტაროდ უყურებდა ხოლმე...

საინტერესოა, მამა რომ ცოცხალი იყოს, ისიც ყურსასმენებით თუ ივლიდა?!
 

12.05

საღამოა.შინ მიმეჩქარება. სამარშუტეს ვაჩერებ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მძღოლი მოწყვეტით ძრავს მანქანას. მგზავრ ქალბატონს ვეჯახები. ბოდიშს ვიხდი. ჩემთვის ვბურდღუნებ, ბინძური სამარშუტე, ბინძური  სკამები, სიგარეტი მძღოლის ხელში. ამასაც „პრივიჩკა“ აქვს ეტყობა. (ერთხელ, ბოლო გაჩერებაზე ავედი სამარშუტეში. მძღოლი დაჯდა. მანქანა მომართა და სიგარეტს მოუკიდა. „ხომ შეიძლება მანქანაში ამოსვლამდე მოგეწიათ მგზავრები რომ არ შეაწუხოთ?“, პრეტენზიას გამოვთქვამ. „’პრივიჩკა’ მაქვს ასეთი“, მპასუხობს აუღელვებელი ხმით). სამწუხაროდ ვერაფერს იზამ...  გვერდით ქალბატონი ზის. ჩემს კომენტარებს ყვება. საუბარს ვაბამთ. პროფესიით ფსიქოლოგი ქალბატონი მანანა უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული. საუბარში დრო გადის. ვხედავ ჩემს გაჩერებას, ჩემი ჩასვლის დროა, მაგრამ მერიდება საუბრის შეწყვეტის. „იცით, ჩემი გაჩერებაა“, მოწიწებით ვამბობ. „არაუშავს, არაუშავს. თბილისი პატარა ქალაქია, კიდევ შევხვდებით“, მამშვიდებს. ჩავდივარ.  ქალბატონ მანანას მგზავრობის ღირებულებას ვიხდი. ერთ გაჩერებას უკან, შინისაკენ ფეხით მივუყვები. სულ რაღაც თხუთმეტ-ოც წუთიანი სასიამოვნო საუბარი. რა ცოტა ყოფნის დღეს ადამიანს სიამოვნებისათვის... ... ...

14.05


ვაგზლის მოედანზე ქალი დგას, ბანანებს ყიდის მოხუცებული, შავოსანი. თუ ბანანს იყიდი იღიმება, გლოცავს. შენც გიხარია, კმაყოფილი ხარ. დალოცვა ყველას სიამოვნებს...
დღეს კი, თითქმის გადაუღებლად წვიმს თბილისში. აქა-იქ წვიმის გუბეებიც დამდგარა. მოხუცი წვიმაშიც ყიდის ბანანებს. საღამოა უკვე. სულ რაღაც ხუთი ბანანი უწყვია წინ... ერთ-ერთი გუბე სწორედ მის წინაა. ცოცხი უჭირავს ხელში, გუბის გადაშხვეპას აპირებს. მანქანა მოდის, თეთრი მერსედესი. უცბად, სიჩქარეს უმატებს. მოხუცებული ქალი თავით-ფეხებამდე ილუმპება. მძღოლი იხედება უკან. იცინის. გაშრა ქალი, სულ ორიოდე წამით. მერე დასწყევლა. დიდი ხანი სწყევლიდა.“ცოდოა, ქალბატონო, ნუ სწყევლით.“ ქალი წყევლას აგრძელებს... „ცოდოა, მაგას რაღა დაწყევლა უნდა, ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს, შეცოდების ღირსია, ავადმყოფი ყოფილა“.... 
ვინ იცის, ასე გალუმპული მოხუცი კიდევ რამდენი ხანი იდგა წვიმაში ხუთიოდე ბანანის გასაყიდად...


10.06

სამარშუტე მასწრებს. როდის მოვა მეორე. ავტობუსი გადის და ავტობუსით წავალ, რა მოხდა, ორი გაჩერებაა...
ავდივარ. დასაჯდომს ვეძებ. გატყავებული სკამები. თავმოყვარე ადამიანი ამ სკამზე როგორ დაჯდება?! ერთ სკამს ვპოულობ. ვჯდები. ფიქრები მიტაცებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტია, ხშირად ხალხით სავსე. ვიღაც სკამს ატყავებს და ვერავინ ხედავს?! ან კიდევ, მგზავრობის საფასურს იხდი. როგორ, სკამების შერემონტება მასში არ შედის?
ვმძიმდები...
კისკისი... ვფხიზლდები...
 წინა სკამზე ორი ახალგაზრდა ზის. სკოლის მოსწავლეები არიან. წინ კონტროლიორი დგას. მაღალი, ორმოცდაათი წლის ქალი იქნება. თმა - წითლად შეღებილი. სახე - ნაოჭებით სავსე. ბავშვებს ესაუბრება. ”აბა, წმინდა ადგილი საქართველოში, რომელიც ორ მდინარეს შორის მდებარეობს.” ”ჯვარი”, -ამბობს ბიჭი. ”ახლოს ხარ”-იღიმის კონტროლიორი-”სვეტიცხოველი, სვეტიცხოველი.” აგრძელებს. ”მეტეხის ტაძარი გიყვართ? რომელ საუკუნეშია აგებული? რომელი მეფის დროს დაიწყო აშენება და რომელმა მეფემ დაამთავრა?” კითხვებს აყრის. ბავშვები იშმუშნებიან. უხერხულობის დასაფარად იცინიან. ”რომელი მეფის ძეგლი დგას?” კითხვას უმარტივებს. ვერ პასუხობენ. ”ვახტანგ გორგასლის და მისმა შვილმა, დაჩიმ დაამთავრა ტაძრის აშენება.” ქალი სინანულით თავს აქნევს. ”არადა, გეოგრაფიაში ათიანი მყავს”-რა ატრაბახებს ბიჭს. ”სხვათშორის მეც”, უდასტორებს გოგო.
ბავშვები გაჩერებაზე ჩადიან. კონდუქტორი მზერას აყოლებს. ”არადა, მიყვარს ბავშვები და ხშირად ვსაუბრობ მათთან ასეთ თემებზე. გული მწყდება, ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ”. თავისთვის ჩაილაპარაკებს სხვების გასაგონად...
თავისი პროფესიული მოვალეობა ახსენდება. ბილეთები, ბილეთები შეიძინეთ...


                

No comments:

Post a Comment